ზაქარია ქანაქერცი, სარკავაგი (დ. 1627, სოფ. ქანაქერი, ერევნის მახლობლად — გ. 1699) — სომეხი ისტორიკოსი, წარმოშობით ქართველი. 13 წლისა მიაბარეს ჰოვანავანქში - იოანეს მონასტერში, სადაც მთელი სიცოცხლე გაატარა. ზაქარია ქანაქერცის განეკუთვნება სამნაწილიანი ვრცელი ნაწარმოები „ისტორია“, რომელშიც თავმოყრილია საყურადღებო ცნობები ამიერკავკასიისა და ირანის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის შესახებ. ნაშრომის მესამე ნაწილში გადმოცემულია ავტობიოგრაფიული ცნობები და ჰოვანავანქის ისტორია. იგი თავის თხზულებაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას. საინტერესოდაა აღწერილი როსტომისა და თეიმურაზ I-ის ურთიერთობა, ვახტანგ V-ისა და გიორგი XI-ის მოღვაწეობა. საყურადღებოა ასევე თუმანიშვილებისა და ბარათაშვილების ბრძოლის ისტორია. ეს თხზულება პირველად სომხურ ენაზე გამოიცა 1870 წელს. 6 წლის შემდეგ ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა მარი ბროსემ, ხოლო 1969 წელს რუსულად დაისტამბა მოსკოვში.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 489.
  • მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941