შინაარსზე გადასვლა

რუსული ლიტერატურა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსული ბილინა კეთილი ნიკიტა დრაკონისგან ათავისუფლებს მზეთუნახავს.

ძველი რუსული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი რუსული ლიტერატურა შედგება ძველ რუსულ ენაზე დაწერილი იშვიათი ნაწარმოებებისგან, როგორიცაა უცნობი ავტორის სიტყვა იგორის სოფლის შესახებ, ბილინები ანუ ზეპირი ეპოპეები, რომლებშიც ერთმანეთშია შერეული წარმართული და ქრისტიანული ტრადიციები. ძველ რუსულ ლიტერატურაზე იგრძნობა ბიზანტიური ლიტერატურის გავლენა

შუა საუკუნეების რუსული ლიტერატურა დაწერილია სლავურ ენაზე და ძლიერი რელიგიური თემატიკა ახასიათებს. პირველი ნაწარმოები თანამედროვე რუსულ ენაზე, არქიეპისკოპოს ავაკუმის ავტობიოგრაფია, მხოლოდ XVII საუკუნეში ჩნდება.


ახალი რუსული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალექსანდრე პუშკინის პორტრეტი.

პეტრე დიდის პერიოდში რუსეთი დასავლეთის მიმართულებით იწყებს სვლას. ხდება რუსული ანბანის რეფორმირება, ენა ადვილდება და სულ უფრო მეტი ადამიანი სწავლობს წერა-კითხვას. აქედან მოყოლებული ლიტერატურა სალაპარაკო, საერო ენით იქმნება. XVIII საუკუნის. დასაწყისში რუსული ლიტერატურის პირველ ტალღას ქმნიან ისეთი მწერლები, როგორებიცაა: ვასილი ტრედიაკოვსკი და მიხეილ ლომონოსოვი. ამას მოჰყვება პოეზიაში დერჟავინი, პროზაში კარამზინი და რადიშჩევი, თეატრში სუმაროკოვი და ფონვიზინი.

თედორე დოსტოევსკი

XIX საუკუნის დასაწყისში რომანტიზმის გავრცელებას უკავშირდება ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის გამოჩენა ვასილი ჟუკოვსკის, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვისა და ფიოდორ ტიუტჩევის სახით. ეს არის რუსული ლიტერატურის ოქროს პერიოდი. ამ პერიოდში მოღვაწეობენ რუსული ლიტერატურის კლასიკოსები, როგორებიცაა: დოსტოევსკი, გოგოლი, გონჩაროვი, ტოლსტოი, ტურგენევი. პარალელურად ვითარდება იგავ-არაკის ჟანრი ივანე კრილოვის შემოქმედების სახით. ამავე საუკუნეში მოღვაწეობენ პოეტები: ალექსანდრე ნეკრასოვი, ევგენი ბარატინსკი, ალექსეი ტოლსტოი, ფიოდორ ტიუტჩევი, აფანასი ფეტი. ანტონ ჩეხოვი განავითარებს დრამატურგიასა და მოკლე მოთხრობების ჟანრს.

XX საუკუნის დასაწყისში ფეხს იკიდებს ისეთი მიმდინარეობები, როგორიცაა სიმბოლიზმი, აკმეიზმი და ფუტურიზმი. ამ პერიოდის პოეტთაგან აღსანიშვანია: ანა ახმატოვა, ანდრეი ბეილი, ალექსანდრე ბლოკი, ვალერი ბრიუსოვი, მარინა ცვეტაევა, სერგეი ესენინი, ვლადიმირ მაიაკოვსკი, ბორის პასტერნაკი, ფიოდორ სოლოგუბი, მაქსიმილიან ვოლოშინი.

საბჭოთა პერიოდის რუსული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაქსიმ გორკი

საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ლიტერატურაში განსაკუთრებით გამძაფრდა სოციალისტური რეალიზმი. ამ ლიტერატურული დოქტრინის მიხედვით საჭიროა შემოქმედმა მთელი თავისი შესაძლებლობები გამოიყენოს რეჟიმის მიღწევების წარმოსაჩენად და სახოტბოდ. კომუნისტური რეჟიმი ახდენს ლიტერატურული ცხოვრების ორგანიზებას და თავად განსაზღვრავს თემატიკის ორიენტირებას. ამისთვის ქმნის მწერალთა კავშირს, რომელიც პირდაპირ პოლიტიკურ კომისარს ემორჩილება. ძალიან მალე, მწერლები, რომლებიც არ ემორჩილებიან რეჟიმის მითითებებს, დაპატიმრებულ ან გადასახლებულ იქნებიან, ზოგიერთი კი, ნიკოლაი გუმილიევისა და ოსიპ მანდელშტამის მსგავსად სიკვდილით დასჯილი. რამდენიმე პოეტი, როგორც მაგალითად ვლადიმირ მაიაკოვსკი, თვითმკვლელობას არჩევს (მაიაკოვსკის სიკვდილზე არსებობს რამდენიმე სხვა მოსაზრებაც).

მიუხედავად ოფიციალური ლიტერატურული პოლიტიკისა, მწერლები მაინც აგრძელებენ საიდუმლო მოღვაწეობას, მათ შორისაა: მიხაილ ბულგაკოვი, ბორის პასტერნაკი, ანდრეი პლატონოვი, ისააკ ბაბელი, ვასილი გროსმანი. ამგვარი შემოქმედების მხარდასაჭერად არსებობს იატაკქვეშა გამომცემლობა, „სამიზდატი“, რომელიც მიუხედავად რეჟიმისა, მაინც აქვეყნებს არალეგალურ ნაწარმოებებს.

ბევრი რუსი მწერალი ამ პერიოდში გადასახლებაში იმყოფება, მათ შორისაა ნობელის პრემიის ლაურეატი ივანე ბუნინი, ალექსანდრე კუპრინი, ვლადიმირ ნაბოკოვი, რომლებიც, მართალია თავისუფლად განაგრძობენ წერას, მაგრამ მათი ნაწარმოებები ძალიან ძნელად აღწევს რუსეთში.

სტალინის შემდეგ რუსეთში სოციალისტური რეალიზმი ერთადერთ ნებადართულ მიმდინარეობად რჩება, მაგრამ იმ ავტორებს, რომლებიც სამიზდატთან თანამშრომლობენ, შედარებით მეტი თავისუფლება მიეცემათ, ნაკლებად ეშინიათ რეპრესიებისას და დაპატიმრებების. ამ პერიოდში იწერება ნობელის პრემიის ლაურეატის, ალექსანდრე სოლჟენიცინის გულაგის არქიპელაგი. ოფიციალურად გამოიცემა ნიკოლაი ბულგაკოვისა და ვარლამ შალამოვის ნაწარმოებები. საბჭოთა იმპერიის უკუსვლის პერიოდში დასავლეთში ემიგრირებული რუსები დიდ აღიარებას აღწევენ, როგორც მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატი იოსეფ ბროდსკი ან რუსი ნოველისტი დოვლატოვი.

თანამედროვე რუსული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვლადიმირ სოროკინი, 2006.

XX საუკუნის დასასრულს რუსული ლიტერატურა ორი აუცილებლობის წინაშე დგას: ერთი მხრივ ახალი ტალანტების აღმოჩენა და ფორმირება, მეორე მხრივ გამომცემლობის გაძლიერება. გამომცემლობები საჭირო თანხებს დაბალი ლიტერატურული ხარისხის რომანების გაყიდვით აგროვებენ. თუმცა მათ შორისაც მოიძებნება მნიშვნელოვანი ფოგურები, როგორებიცაა ვიქტორ პელევინი და ვლადიმირ სოროკინი. დიდი ადგილი ეტმობა დეტექტივების გამოცემას, რადგან ეს ჟანრი ყველაზე შემოსავლიანია. ამ მხრივ აღსანიშნავია დარია დონცოვას შემოქმედება, მას დღეისთვის 50-ზე მეტი დეტექტივი აქვს დაწერილი, რომლებიც მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდა და რამდენიმე ენაზეც ითარგმნა.

XXI საუკუნის დასაწყისში რუსული პუბლიკის მოთხოვნილება საგრძნობლად გაიზარდა როგორც რაოდენობის ასევე ხარისხის მხრივ. ამიტომ გამომცემლობები დაინტერესებული არიან ახალი ტალანტების ძებნითა და ტირაჟის ზრდით. ზოგი თანამედროვე რუსი მწერალი დღეისთვის საკმაოდ ცნობილი არის ევროპასა და ამერიკაში, მათ შორისა ბორის აკუნინი, ალექსანდრა მარინინა და სხვ.

რუსი მწერლები და პოეტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]